თუშეთის საავტომობილო გზის გახსნამდე, სოფელ ომალოს მიმართულებით სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა დღეიდან ყოველკვირეული ავიარეისები დაიწყო. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, სოსო ქარუმაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ვერტმფრენით უფასო მგზავრობა მხოლოდ ადგილობრივებს შეეძლებათ, რისთვისაც სიაში წინასწარ ჩაწერა იქნება საჭირო.
ვერტმფრენი თუშეთის მიმართულებით ყოველ ხუთშაბათს შეასრულებს რეისს და მგზავრებს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალვანიდან აიყვანს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალმთიან სოფლებში მუდმივად მცხოვრებ თუშებს ვერტმფრენი 2017 წლიდან ემსახურება.
თუშეთში, რომელიც ზღვის დონიდან 1900-2400 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, 52 სოფელია და ოქტომბრიდან მაისამდე, ზამთრის სეზონზე, საავტომობილო გზაზე მოძრაობა იზღუდება.