დღეს საღამოდან თუშეთის მიმართულებით ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. როგორც პირველ არხს ახმეტის მერმა სოსო ქარუმაშვილმა განუცხადა, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის გზის დაკეტვა მოსალოდნელ უამინდობას უკავშირდება.
ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა ტრადიციულად 15 ოქტომბერს იკეტება. თუმცა, ამ შემთხვევაში, მეცხვარეების მიერ ცხვრის ფარების გადარეკვის გამო, თარიღმა ხუთი დღით გადაიწია.
„თუშეთი, რომელიც ზღვის დონიდან 1900-2400 მეტრზე მდებარეობს, მაისის შუა რიცხვებამდე გარე სამყაროს მოწყვეტილია. გაზაფხულამდე მთასთან დამაკავშირებელ ერთადერთ საშუალებას ვერტმფრენი წარმოადგენს, რომელიც ავიარეისებს გასული წლის მსგავსად წელსაც კვირაში ერთხელ შეასრულებს და მთაში დარჩენილ მოსახლეობასთან მიმოსვლას უზრუნველყოფს“, – აცხადებენ ახმეტის მერიაში.