თუშეთის გზ​აზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა, რამაც მდინარის შეგუბება და ტერიტორიის დამეწყვრა გამოიწვია
თუშეთის გზ​აზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა, რამაც მდინარის შეგუბება და ტერიტორიის დამეწყვრა გამოიწვია

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე დაახლოებით 700 000 კუბურ მეტრამდე მოცულობის კლდოვანი მასა ჩამოიშალა, რამაც მდინარე ალაზნის შეგუბება გამოიწვია და აღნიშნულ მონაკვეთზე გასულ წელთან შედარებით უფრო ფართო მასშტაბის ტერიტორიის დამეწყვრა გამოიწვია.

„ვერტმფრენიდან დავათვალიერეთ და სავარაუდოდ 550 მეტრ ფართობზეა წყალი, ხოლო მისი სიღრმე 10 მეტრამდე იქნება“, – განუცხადა პირველ არხს შპს „გერალის“ დირექტორმა ტარიელ წიკლაურმა.

დამეწყრილი ადგილის დასათვალიერებლად ვერტმფრენით დღეს სპეციალისტების ჯგუფი გაემგზავრა, თუმცა ცუდი ხილვადობის გამო, ადგილამდე მისვლა შეუძლებელი აღმოჩნდა.

„53-ე და 54-ე კილომეტრზე ჩამოწოლილია დიდი ზვავები, რომლის გაჭრაზეც ხვალ დავიწყებთ მუშაობას. კვირის ბოლოს ალბათ უკვე მივალთ 56-ე კილომეტრამდე, სადაც კლდის მასივია ჩამოშლილი და წყალია შეგუბებული. დღეს სასაზღვრო დეპარტამენტის ვერტმფრენით წავედით სპეციალისტები, ინჟინრები და გეოლოგები. გვინდოდა, ადგილზე დაგვეთვალიერებინა სიტუაცია, მაგრამ ნისლი იყო და ვერტმფრენმა ვერ მოახერხა დაჯდომა. იმედია, ამ დღეებში მოვახერხებთ, ადგილამდე მივიდეთ. სამუშაოების სიმძიმის ხარისხზე მხოლოდ მას შემდეგ შემიძლია გითხრათ“, – განაცხადა ტარიელ წიკლაურმა.

თუშეთის საავტომობილო გზის გაწმენდით სამუშაოებს შპს „გერალი“ ინტენსიურად ახორციელებს. ტექნიკა და მუშახელი ორი თვეა ადგილზეა მობილიზებული. ამჟამად თუშეთისკენ მიმავალი გზა ფშაველი-აბანოს მონაკვეთზე გაწმენდილია და ავტომანქანებისთვის გადაადგილება შესაძლებელია.

მისივე თქმით, მეწყერულ ადგილთან შემოვლითი საცალფეხო ბილიკი გაიჭრა და საავტომობილო გზის პრობლემური მონაკვეთების გამო, მთისკენ ცხვრის ფარების გადარეკვაში მეცხვარეებს ხელი არ შეშლიათ.

შპს „გერალის“ დირექტორი ამბობს, რომ სამუშაოების სირთულიდან გამომდინარე, თუშეთის საავტომობილო გზის გახსნა სავარაუდოდ 10-15 ივნისს გახდება შესაძლებელი.