თურქული მედიის ინფორმაციით, CIA სატელეფონო ჩანაწერს ფლობს, რომელშიც საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე ჯამალ ხაშოგის „გაჩუმების“ განკარგულებას გასცემს
CIA სატელეფონო ჩანაწერს ფლობს, რომელშიც საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე ჯამალ ხაშოგის “გაჩუმების” განკარგულებას გასცემს, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
გამოცემა „ჰურიეთის“ ცნობით, სატელეფონო ჩანაწერში, პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი, მის ძმას, ვაშინგტონში საუდის არაბეთის ელჩს ჯამალ ხაშოგზე ესაუბრება. მედიასაშუალებების ინფორმაციით, ამ ჩანაწერის შესახებ თურქეთის ხელისუფლებას ანკარაში ვიზიტით ჩასულმა აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ხელმძღვანელმა, ჯინა ჰასპელმა აცნობა.
16 ნოემბერს სტამბოლში მდებარე ფათიჰის მეჩეთში ჯამალ ხაშოგის სიმბოლური პანაშვიდი გაიმართა. ერ-რიადის კრიტიკოსი 2 ოქტომბერს, სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა. მოგვიანებით დადგინდა, რომ ჟურნალისტი წამებით მოკლეს, მისი ცხედარი კი დაანაწევრეს და გადამალეს.