„ფრანს პრესის“ ცნობით, 25 ოქტომბერს ერთი დოლარის ყიდვა 9,8 ლირად არის შესაძლებელი.
წლის დასაწყისიდან თურქეთის ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 24%-ით გაუფასურდა. სექტემბრის ბოლოს დოლარი 8,8 ლირა ღირდა.
თურქული ლირის გაუფასურებას უსწრებდა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადება, რომელმაც ათი ქვეყნის, მათ შორის აშშ-ის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩების პერსონა ნონ-გრატად გამოცხადების განკარგულება გასცა.
ერდოღანის ამ განცხადებას ოფიციალური ნაბიჯები ჯერ არ მოჰყოლია.
უცხოელი ელჩების პერსონა ნონ-გრატად გამოცხადების გადაწყვეტილება უკავშირდება დიპლომატების მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც მათ თურქეთის ციხეში მყოფი ფილანტროპისა და ბიზნესმენ ოსმან კავალას გათავისუფლება მოითხოვეს. კავალას ბრალი 2013 წელს გეზის პარკის გარშემო აგორებული საპროტესტო აქციებისა და 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეზე აქვს წაყენებული.