თურქული ეროვნული ვალუტა ლირა დღეს დოლარის მიმართ 5 პროცენტით გაუფასურდა და ერთი დოლარის ღირებულებამ 5.569 ლირა შეადგინა.
ანალიტიკოსები ლირის გაუფასურებას, ერთი მხრივ, 31 მარტს დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირებენ. ამასთან, ანალიტიკოსები ლირის გაუფასურების ერთ-ერთ ფაქტორად თურქეთის ცენტრალური ბანკის საერთაშორისო რეზერვების მკვეთრ შემცირებას მიიჩნევენ.
22 მარტის მდგომარეობით, თურქეთის ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ 142 მილიარდი ლირა შეადგინა, რაც 24.7 მილიარდი დოლარის ტოლფასია. აღნიშნული რიცხვი აჩვენებს, რომ მარტის პირველ სამ კვირაში რეზერვები თითქმის 10 მილიარდი დოლარით შემცირდა.
განვითარებადი ბაზრების სტრატეგიის თურქი ექსპერტის ტიმოთი აშის განმარტებით, ეს მონაცემები კრიტიკულ ზღვარზეა და არჩევნების შემდეგ შესაძლოა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ჩარევა გახდეს საჭირო.
კვირას დაგეგმილი არჩევნების წინ ლირის მკვეთრი ვარდნის პრევენციის მიზნით, ქვეყნის ეროვნულმა ბანკმა, მთავრობის თხოვნით, ქვეყნის გარეთ ლირის გადინება დროებით შეზღუდა. შედეგად, უცხოელ ინვესტორებს ლირაში ოპერაციების ჩატარება გაუჭირდათ და უკვე ოთხშაბათს ბირჟებზე თურქულმა ფასიანმა ქაღალდებმა მკვეთრი ვარდნა განიცადეს.
სააგენტო „ბლუმბერგის“ ცნობით, თურქეთის წამყვანი ინდექსი გუშინ 5.7 პროცენტით დაეცა, რაც 2016 წლის ივლისის შემდეგ ყველაზე მკვეთრი ვარდნაა.
ზოგიერთი უცხოელი ინვესტორი აღნიშნავს, რომ მსგავსი პოლიტიკური მიზნით ჩარევა ეკონომიკაში ბოლო 21 წლის მანძილზე თურქეთის ბაზარზე პირველად დაფიქსირდა.