თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში კულტურის მინისტრების საერთაშორისო კონფერენციის მიმდინარეობის დღეებში კულტურული პარკ-კომპლექსი „მახტუმკული ფრაგი“ გაიხსნა.
თურქმენეთის მთავრობის გადაწყვეტილებითა და საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით პარკში, სხვადასხვა ეპოქისა და ეროვნების ცნობილ მოღვაწეთა მემორიალების გვერდით, შოთა რუსთაველის ძეგლი დაიდგა.
ძეგლის გახსნას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, თურქმენეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე საბიაშვილი, თურქმენეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, თურქმენეთის მთავრობისა და მეჯლისის, ასევე, კულტურისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
იოსებ ბაღათურიამ, კონსტანტინე საბიაშვილმა და საელჩოს თანამშრომლებმა ყვავილებით შეამკეს შოთა რუსთაველის ძეგლი. გახსნის ცერემონიალზე თურქმენეთის აკადემიური თეატრის მსახიობებმა გამართეს ლიტერატურული წარმოდგენა, წაიკითხეს ნაწყვეტები „ვეფხისტყაოსნიდან“.
როგორც საქართველოს კულტურის სამინისტროში აცხადებენ, თურქმენეთის დედაქალაქში დიდი ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის ძეგლის გახსნა ემსახურება საზღვარგარეთ ქართული მრავალსაუკუნოვანი კულტურული ტრადიციების პოპულარიზაციას და, ამავდროულად, ნათელი დადასტურებაა ორი ქვეყნის მჭიდრო კულტურული კავშირისა.
აშხაბადში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია ესწრებოდა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კულტურის მინისტრები, სამთავრობო დელეგაციები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, სამეცნიერო და შემოქმედებითი საზოგადოებების წარმომადგენლები.
შეხვედრების მთავარი თემა იყო მახტუმკული ფრაგის მოღვაწეობა და მისი შემოქმედების გავლენა თურქმენეთისა და მეზობელი ქვეყნების კულტურაზე. კონფერენციაზე ისაუბრეს მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცებისთვის ქვეყნების კულტურული ურთიერთობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კონფერენცია მახტუმკული ფრაგის – გამოჩენილი მოაზროვნისა და პოეტის 300 წლის იუბილეს მიეძღვნა.
თურქმენი ერის გამოჩენილი წარმომადგენელი, ფილოსოფოსი, თურქმენული ენის ფუძემდებელი, ლიტერატორი, ჰუმანისტი, პატრიოტი და მოაზროვნე მახტუმკული ფრაგი XVIII საუკუნეში მოღვაწეობდა. არსებობს მისი სახელობის საერთაშორისო ლიტერატურული პრემია. მახტუმკული ფრაგი აღიარებულია აღმოსავლური ლიტერატურის კლასიკოსად.