„თურქიშ ეარლაინსის“ ჟურნალში თბილისის შესახებ სტატია გამოქვეყნდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტატია თბილისის შესახებ ანკარაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და თურქულ ავიახაზებთან (Turkish Airlines) თანამშრომლობით დაიბეჭდა.
აღნიშნული ავიაკომპანიის ჟურნალის „სქაილაიფის“ (Skylife) მარტის თვის გამოცემაში დაბეჭდილი ინფორმაცია თურქულ და ინგლისურ ენებზეა.
სტატიაში საუბარია თბილისის ღირსშესანიშნაობებზე, ქართულ კულტურასა და ხელოვნებაზე, არქიტექტურაზე, სამზარეულოზე.
სტატიის ავტორი დეტალურად აღწერს თბილისის ტურისტულ პოტენციალს.
თბილისის ისტორიული ხედებით აღფრთოვანებული ავტორი წერს:
„ნარიყალას განუმეორებელი ხედი ჩამჩურჩულებს: მე ვარ თბილისი, მე გიჩვენებ წარსულს და მომავალს ერთი სურათით”, – აღნიშნავს ავტორი.
სტატიის ბოლოს, ავტორი თბილისს კვლავ დაბრუნების იმედით ტოვებს:
„თბილისი იწვევს ჩემში სურვილს, რომ კვლავ დავბრუნდე და ვნახო მისი თვალწარმტაცი ბუნება. იგი მაიძულებს უფრო მეტად შემიყვარდეს მისი კულტურა. ეს გრძნობა კიდევ უფრო ძლიერდება, როცა აეროპორტში ვკითხულობ ფრაზას – Tbilisi loves you. თბილისო, მეც მიყვარხარ“, – წერს ავტორი.
აღსანიშნავია, რომ თურქული ავიახაზების 70 მილიონამდე მგზავრს მიეცემა შესაძლებლობა, გაეცნოს ზემოაღნიშნულ სტატიას და მიიღოს ვრცელი ინფორმაცია თბილისის ტურისტული პოტენციალის შესახებ.