თურქეთში წინასწარი მონაცემებით ერდოღანმა გაიმარჯვა
თურქეთში წინასწარი მონაცემებით ერდოღანმა გაიმარჯვა

თურქეთში, წინასწარი მონაცემებით რიგგარეშე არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა  58.24 პროცენტით გაიმარჯვა.

მისმა მთავარმა კონკურენტმა, ოპოზიციური „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, მუჰარემ ინჯემ ამომრჩეველთა ხმების  27.35 პროცენტი აიღო.

დანარჩენი ხმები ასე გადანაწილდა: მერალ აქშენერი – 7.56%, სელაჰათინ  დემირტაში -5.73%,  თემელ კარამოლაუღლუ – 0.94%, დოგუ პერინჩეკი – 0.18%.

საპარლამენტო არჩევნებში 8 პოლიტიკური პარტია იღებდა მონაწილეობას. მათგან მმართველმა „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ 54.71 %  მიიღო, „ნაციონალისტური მოძრაობის პარტიამ“ -13.17%, „კარგმა პარტიამ“ – 8.18 %, ხოლო “სახალხო დემოკრატიულმა  პარტიამ” – 6.94%.

თურქეთში დღეს ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის მთავარ კონკურენტად, ოპოზიციური რესპუბლიკური პარტიის ლიდერი მუჰარემ ინჯე მოიაზრებოდა.

2017 წლის 16 აპრილს ჩატარებული საკონსტიტუციო რეფერენდუმის შედეგად, არჩევნების შემდეგ ქვეყანა საპრეზიდენტო მმართველობაზე გადადის. ეს გულისხმობს, რომ პრეზიდენტს უფლებამოსილება ექნება, დანიშნოს ან გაათავისუფლოს მთავრობის წევრები, ჩაერიოს სამართლებრივ სისტემაში, გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა.