თურქეთში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები იმართება 
თურქეთში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები იმართება 

თურქეთში დღეს ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები იმართება. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის 6 კანდიდატი იბრძვის. მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანია. მის მთავარ კონკურენტად, ოპოზიციური რესპუბლიკური პარტიის ლიდერი მუჰარემ ინჯე მოიაზრება.

პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის, ერთ-ერთი ქალია. ქვეყნის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი, ამჟამად „კარგი პარტიის“ ლიდერი მერალ აქშენერი.

პრეზიდენტობისთვის იბრძვის ასევე 2016 წლიდან პატიმრობაში მყოფი, სახალხო დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი სელაჰათინ დემირთაში.

გამარჯვებისთვის კანდიდატს ხმათა 50%-ზე მეტის მიღება სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორ კვირაში, მეორე ტური გაიმართება, სადაც პრეზიდენტობისთვის ბრძოლას ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმების მქონე ორი კანდიდატი განაგრძობს.

საპარლამენტო არჩევნებში 8 პოლიტიკური პარტია იღებს მონაწილეობას. ესენია: მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტია“, „ნაციონალური მოძრაობა“, „პატრიოტული პარტია“, „სახალხო დემოკრატიული პარტია“, „რესპუბლიკური პარტია“, „ბედნიერების პარტია“, „კარგი პარტია“, პარტია „ჰურ დავა“. ამომრჩევლებმა უნდა გადაწყვიტონ, თუ როგორ გადანაწილდება მანდატები 600 დელეგატიან თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეაში.

2017 წლის 16 აპრილს ჩატარებული საკონსტიტუციო რეფერენდუმის შედეგად, არჩევნების შემდეგ ქვეყანა საპრეზიდენტო მმართველობაზე გადადის. ეს გულისხმობს, რომ პრეზიდენტს უფლებამოსილება ექნება, დანიშნოს ან გაათავისუფლოს მთავრობის წევრები, ჩაერიოს სამართლებრივ სისტემაში, გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა. ეს უკანასკნელი ქვეყანაში 2016 წლის 15 ივლისიდან, არშემდგარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის მომენტიდან მოქმედებს. ამბოხში მონაწილეობის ან მისი სავარაუდო ორგანიზატორების მხარდაჭერის ბრალდებით, თურქეთში 2016 წლიდან 107 ათასზე მეტი საჯარო მოხელე და სამხედრო მოსამსახურე დაითხოვეს. 50 ათასზე მეტი ადამიანი კი სასამართლოს განაჩენის გარეშე პატიმრობაში იმყოფება.