თურქეთში უკრაინის ელჩის განცხადებით, უკრაინა მიმდინარე წლის ბოლომდე გეგმავს სამშვიდობო სამიტის ორგანიზებას, რომელიც რუსეთის დასწრებასაც ითვალისწინებს
უკრაინა მიმდინარე წლის ბოლომდე გეგმავს ახალი სამშვიდობო სამიტის ორგანიზებას, რომელიც რუსეთის დასწრებასაც ითვალისწინებს, – ამის შესახებ თურქეთში უკრაინის ელჩმა, ვასილ ბოდნარმა განაცხადა.
ბოდნარმა გამორიცხა შეხვედრაზე მოსკოვთან პირდაპირი ორმხრივი მოლაპარაკებები.
„სამიტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის მიღწევა. ჩვენ არ ვსაუბრობთ ფორმატზე, სადაც უკრაინა და რუსეთი ერთმანეთის პირისპირ დასხდებიან და უკრაინა მოუსმენს რუსეთის მოთხოვნებს. საერთაშორისო საზოგადოება, უკრაინასთან ერთად, დაჯდება და შექმნის ჩამონათვალს, რა ნაბიჯები შეიძლება, გადაიდგას უკრაინაში სამართლიანი მშვიდობისთვის და განიხილავენ, რა სახის მოთხოვნები უნდა წაუყენონ რუსეთს ამ სიის საფუძველზე. ეს არ იქნება პირდაპირი ორმხრივი შეხვედრა, სავარაუდოდ, ეს იქნება ფორმატი, სადაც მესამე მხარეებიც მიიღებენ მონაწილეობას და საუბარი წარიმართება მესამე მხარეების მეშვეობით. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ სამიტს წლის ბოლომდე ჩავატარებთ“, – განაცხადა ბოდნარმა ანკარაში გამართულ ბრიფინგზე.
ბოდნარის თქმით, თურქეთი, რომელიც ცდილობს, ომის დროს კეთილგანწყობილი ურთიერთობები შეინარჩუნოს როგორც უკრაინასთან, ისე რუსეთთან, სამიტის მნიშვნელოვანი მონაწილე იქნება.
როგორც „როიტერი“ წერს, დღეს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი დაესწრება უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტს ხორვატიის ქალაქ დუბროვნიკში, სადაც დაადასტურებს ანკარას პოზიციას, რომ ნებისმიერი სამშვიდობო მოლაპარაკება უნდა მოიცავდეს ორივე მხარეს „სამართლიანი და ხანგრძლივი“ გადაწყვეტილებისთვის.