თურქეთში უკრაინის ელჩის განცხადებით, „მარცვლეულის შეთანხმებაზე“ მოლაპარაკებების განახლებას უახლოეს დღეებში ონლაინ ფორმატში ელოდებიან
შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმებაზე“ მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში ონლაინ ფორმატში განახლდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთში უკრაინის ელჩი ვასილ ბოდნარი ავრცელებს.
„რა თქმა უნდა, უკრაინასა და გაერო-ს შუამავლობით მოლაპარაკებები გრძელდება. ველით, რომ უახლოეს დღეებში მოლაპარაკებები ონლაინ ფორმატში გაიმართება. აგრესორი ქვეყანა ცდილობს, დაბლოკოს გემების მიმოსვლა და ინსპექტირების ჩატარების შესაძლებლობა. ისინი ასევე ცდილობენ, ზეწოლა მოახდინონ არა მხოლოდ ჩვენზე, არამედ გაერო-ზე, თურქეთზე. განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ მიმდინარე საარჩევნო პროცესებს თურქეთში“, – აღნიშნა ბოდნარმა.
ამასთან, უკრაინელი დიპლომატი იმედოვნებს, რომ მოსკოვი დათანხმდება „მარცვლეულის ხელშეკრულების“ გახანგრძლივებას.
ე.წ. მარცვლეულის შეთანხმება ბოლოს 18 მარტს 60 დღის ვადით განახლდა, სტანდარტული 120 დღის ნაცვლად, თუმცა რუსულმა მხარემ აღნიშნა, რომ, შესაძლოა, ვადის გაგრძელებას აღარ დათანხმდეს, თუ დასავლეთი არ მოხსნის სანქციებს, რომლებიც რუსული მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტს აბრკოლებს.