თურქეთში უკრაინის ელჩი - ცეცხლის შეწყვეტა ნიშნავს, რომ უკრაინის ტერიტორიის 25% რუსეთის კონტროლის ქვეშ დარჩება
თურქეთში უკრაინის ელჩმა, ვასილ ბოდნარმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა ნიშნავს უკრაინის ტერიტორიის 25%-ის რუსეთის კონტროლის ქვეშ დარჩენას.
ამის შესახებ მან „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ბოდნარის თქმით, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანის გარეშე ცეცხლის შეწყვეტა აგრესორს მისცემს დროს, გააძლიეროს თავისი შესაძლებლობები და განაახლოს თავდასხმები უკრაინაზე.
„ბევრმა ქვეყანამ შემოგვთავაზა ცეცხლის შეწყვეტის იდეა, მაგრამ არავინ ფიქრობს, თუ რას ნიშნავს ეს. ეს ნიშნავს, რომ უკრაინის ტერიტორიის 25% დარჩება რუსეთის კონტროლის ქვეშ. ეს ასევე ნიშნავს, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმების განახლებისთვის თავის შესაძლებლობებს გააძლიერებს“, – განაცხადა ბოდნარმა.
ელჩის თქმით, რუსული ოკუპაციის პრობლემის გადაწყვეტა, რომელიც უკრაინაში, ორ წელზე მეტია, გრძელდება, მხოლოდ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვით, საერთაშორისო სამართლის მიხედვით არის შესაძლებელი.
„არავითარი სხვა წინადადება არ უნდა იქნეს გათვალისწინებული და ამიტომ ჩვენ არ მივიღეთ არცერთი წინადადება. მშვიდობის მიღწევის ჩვენი მეთოდები ძალიან მარტივია: რუსული ჯარების გაყვანა და საერთაშორისო სამართლის დაცვა, შემდეგ კი შეგვიძლია დავიწყოთ საუბარი სხვა შესაძლებლობებზე“, – განაცხადა თურქეთში უკრაინის ელჩმა.
ბოდნარის თქმით, უკრაინა, რომელსაც სურს ნატო-ში გაწევრიანება, არ აპირებს რუსეთის პროვოცირებას ან გეოპოლიტიკური ცვლილებების შექმნას, მიზანი მხოლოდ უსაფრთხოება და „გრძელვადიანი მშვიდობაა“.
„ნატო არის ერთადერთი ინსტიტუტი, რომელსაც შეუძლია, დააკმაყოფილოს თანამედროვე მსოფლიოს უსაფრთხოების საჭიროებები, ყოველ შემთხვევაში, ქაღალდზე“, – აღნიშნა ბოდნარმა.