თურქეთში საქართველოს ელჩი ანკარის სავაჭრო პალატის პრეზიდენტს შეხვდა
თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა ანკარის სავაჭრო პალატის (ATO) პრეზიდენტთან, გიურსელ ბარანთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები და საქართველოსა და თურქეთის ბიზნესწრეებს შორის კავშირების გაღრმავების პერსპექტივები.
საქართველოს ელჩმა ანკარის სავაჭრო პალატის პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში არსებული ბიზნესგარემოს, განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების, საგადასახადო სისტემის, თავისუფალი ინდუსტრიული ზონების, სხვადასხვა სფეროში ინვესტირების შესაძლებლობებისა და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის ინიციატივების შესახებ.
შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.