თურქეთში რუსეთისა და უკრაინის ომბუდსმენების შეხვედრაა დაგეგმილი. როგორც „ბიბისის“ რუსული სამსახური იტყობინება, ამის შესახებ რუსეთის ომბუდსმენმა, ტატიანა მოსკალკოვამ განაცხადა.
მისი ცნობით, ის უკრაინის უმაღლესი რადას ომბუდსმენთან, დმიტრი ლუბინეცთან შეხვედრას თურქეთში 12-14 იანვარს გეგმავს.
„ვადასტურებ, რომ ასეთ შეხვედრას ვგეგმავ. თურქეთის ტერიტორიაზე გაიმართება თურქეთის ომბუდსმენის მიერ ორგანიზებული დიდი ფორუმი, ჩვენ განვიხილეთ შეხვედრის შესაძლებლობა და სავარაუდო დღის წესრიგი“, – განაცხადა მოსკალკოვამ.
აღსანიშნავია, რომ იანვარში მოსკალკოვასთან შეხვედრის შესაძლებლობის შესახებ მანამდე ლუბინეციც საუბრობდა.