თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა ანკარაში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობაში კიდევ ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს.
თურქული სააგენტო Anadolu-ს ცნობით, დაკავებული თურქეთის საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სამმართველოს ყოფილი თანამშრომელია. მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში თანამონაწილეობის ბრალდებით.
შეგახსენებთ, მიმდინარე კვირას თურქეთში სამართალდამცველებმა ანდრეი კარლოვის მკვლელობის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი დააკავეს.
ამას გარდა, რუსი დიპლომატის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, მანამდე ხუთი ადამიანი დააკავეს: სამი ყოფილი პოლიციელი, გამომცემლობა Guru Medya-ს ხელმძღვანელი და იმ ფოტოგამოფენის ორგანიზატორი, სადაც ელჩი მოკლეს.
რუსეთის ელჩი თურქეთში ანდრეი კარლოვი 2016 წლის 19 დეკემბერს ანკარაში თანამედროვე ხელოვნების ცენტრში მოკლეს.