თურქეთში მოგზაურობისთვის დღეიდან ელექტრონული ანკეტის შევსება იქნება სავალდებულო
თურქეთში მოგზაურობისთვის ელექტრონული ანკეტების შევსება იქნება სავალდებულო. შესაბამისი რეგულაცია დღეიდან ამოქმედდება. ანკეტის შევსება კორონავირუსთან დაკავშირებულ უსაფრთხოების ზომებს უკავშირდება.
სპეციალური ფორმა, რომლის შევსებაც თურქეთში მოგზაურობის მსურველებს გამგზავრებამდე 72 საათით ადრე მოუწევთ, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული. უწყების ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია საჭიროა, რადგან თუ მოგზაურს ან მასთან კონტაქტში მყოფ პირს კორონავირუსი დაუდასტურდება, შესაბამის პირთან დაკავშირება მოხდეს.
ანკეტაში მოგზაურის შესახებ რამდენიმე მონაცემი იქნება ასახული, მათ შორის სახელი, გვარი, ეროვნება, პასპორტისა და ტელეფონის ნომრები, ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართი.
როგორც თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, თურქეთის საზღვრის კვეთამდე მესაზღვრეები გადაამოწმებენ, შევსებული აქვს თუ არა მგზავრს ანკეტა. თუ აღმოჩნდება, რომ ანკეტა არ არის შევსებული ან მოქალაქემ მცდარი ინფორმაცია მიუთითა, მაშინ მოგზაურს შესაძლოა, ადმინისტრაციული სანქციები დაეკისროს.
შეგახსენებთ, რომ მანამდე თურქეთის ხელისუფლებამ უცხოელებს ქვეყანაში გამგზავრებამდე „კოვიდ-19“-ის ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა დაავალდებულა.