თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას საქართველოს პარლამენტში წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს
თურქეთში სტიქიის დროს საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა, ამ დროისთვის საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც მიწისძვრის შედეგად დაკარგულად ითვლებოდა, ნაპოვნია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საგაზაფხულო სესიის გახსნის დროს განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, გუშინ თურქეთში ქართული სახანძრო-სამაშველო ჯგუფები გაემგზავრნენ.
მისი თქმით, საქართველო ყოველთვის დგას მეგობრების გვერდით.
„თურქეთში უმძიმესი მიწისძვრის შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, 3 000 ადამიანი და 15 ათასზე მეტი დაშავებულია. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და საქართველოს პარლამენტის სახელით მივუსამძიმრო თურქ ხალხს მომხდარი ტრაგედიის გამო. იცით, რომ საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა ამ სტიქიის დროს. ამ დროისთვის საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც მიწისძვრის შედეგად დაკარგულად ითვლებოდა, ნაპოვნია. გუშინ თურქეთში გაემგზავრნენ ქართული სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ჩვენ ყოველთვის გვერდში ვუდგავართ ჩვენს მეგობრებს და ამ შემთხვევაში თურქეთს სჭირდება როგორც ჩვენი მორალური, ასევე საქმით მხარდაჭერა და ამას სრულად აკეთებს ჩვენი სახელმწიფო. გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ გარდაცვლილებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.