თურქეთში მაშველებმა ქალი გადაარჩინეს, რომელიც მიწისძვრის შემდეგ ნანგრევებში 17 საათი იმყოფებოდა
თურქეთში მაშველებმა ქალი გადაარჩინეს, რომელიც მიწისძვრის შემდეგ ნანგრევებში 17 საათი იმყოფებოდა. ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება.
სააგენტოს ცნობით, აღნიშნული ფაქტი ელაზიღის პროვინციაში დაფიქსირდა. ადგილზე ჩატარებული სამედიცინო დახმარების შემდეგ გადარჩენილი უახლოეს სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
რამდენიმე საათით ადრე, ამავე რეგიონში ნანგრევებიდან ორსული ქალი ამოიყვანეს, რომელიც ნანგრევებში 12 საათი იმყოფებოდა.
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა გუშინ საღამოს მოხდა. ეპიცენტრი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ელაზიღის პროვინციაში დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 6,8 მაგნიტუდა იყო, რასაც ათეულობით განმეორებითი ბიძგი მოჰყვა. თურქეთის ხელისუფლების ცნობით, მიწისძვრის შედეგად დაინგრა 30 სახლი, დაზიანდა ათობით შენობა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მიწისძვრას 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულთა რაოდენობამ კი, ათასს გადააჭარბა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები სტიქიის ზონაში ამ დრომდე მიმდინარეობს.