თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ კოჯამ ქვეყანაში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაადასტურა.
მისი თქმით, დაავადებული პირველი ინფიცირებულის წრიდან არის. როგორც მინისტრმა განაცხადა, ქვეყანამ დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად ზომებს მიმართა.
„გუშინ საღამოს ჩატარებულმა ტესტმა დაადასტურა სამწუხარო პროგნოზი. ჩვენ კიდევ ერთი პაციენტი გვყავს. ის პირველი პაციენტის წრიდან არის და პირველი შემთხვევის დადასტურებისთანავე ჩაუტარდა კვლევები. ჩვენ მივიღეთ ყველა აუცილებელი ზომა ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. ამ პრობლემას ერთად დავძლევთ“, – განაცხადა მინისტრმა.
თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 16 მარტიდან ქვეყანაში დაიხურება ყველა სასწავლო დაწესებულება, სტუდენტები სწავლას დისტანციურად გააგრძელებენ. სპორტულ ღონისძიებებზე მაყურებელთა დასწრება კი, აიკრძალება. გაუქმდა ოფიციალური ვიზიტები.
ამასთან, ქვეყანაში გაიზრდება სადეზინფექციო საშუალებების წარმოებაც.