თურქეთში ხმათა 50%-ზე მეტის დათვლის შემდეგ, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 55.08 პროცენტით ლიდერობს
თურქეთში ხმათა 50%-ზე მეტის დათვლის შემდეგ, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 55.08 პროცენტით ლიდერობს

თურქეთში რიგგარეშე არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 50 პროცენტზე მეტის დათვლის შემდეგ, მოქმედ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს 55.08 პროცენტი აქვს.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი თურქეთიდან იუწყება, მეორე ადგილზეა მუჰარემ ინჯე არჩევნებში მონაწილეთა ხმების 29.41 პროცენტით, მესამე ადგილს იკავებს მერალ აქშენერი 7.48 პროცენტით. ხმების 6.92 პროცენტი აქვს სალაჰათთინ დემირტაშს. თემელ კარამოლაუღლუს 0.91 პროცენტი, დოღუ პერინჩეკს კი 0.2 პროცენტი.

რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ მაჩვენებელმა 44.90 პროცენტამდე დაიკლო. მეორე ადგილზეა ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტია“ 21.11 პროცენტით, მესამე ადგილს იკავებს „ნაციონალისტური მოძრაობის პარტია“ 11.71 პროცენტი.

ბოლო მონაცემებით, 10-პროცენტიან ბარიერს მიუახლოვდა პროქურთული „სახალხო დემოკრატიული პარტია“, რომელსაც ხმების 9.88 პროცენტი აქვს. 10-პროცენტიან ბარიერთან ახლოსაა „კარგი პარტიაც“ ხმათა 9.72 პროცენტით.

აღნიშნული მონაცემების თანახმად, საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებას მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიისა“ და „ნაციონალისტური მოძრაობის“ ალიანსი მოახდენენ.