თურქეთში გერმანული გაზეთის Die Welt-ის ჟურნალისტი დენიზ იუჯელი გაათავისუფლეს
თურქეთის ხელისუფლებამ გერმანული გამოცემა Die Welt-ის კორესპონდენტი დენიზ იუჯელი გაათავისუფლა, რომელიც ციხეში ერთი წლის განმავლობაში იმყოფებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავად გამოცემა Die Welt-ი ჟურნალისტის ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს.
იუჯელის გათავისუფლებას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროც ადასტურებს.
თურქეთისა და გერმანიის მოქალაქე დენიზ იუჯელი სტამბოლში გასული წლის 14 თებერვალს დააკავეს. ორი კვირის შემდეგ მას სასამართლომ ტერორიზმის პროპაგანდისა და ეთნიკურ ნიადგზე შუღლის გაღვივების ბრალდებით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 27 თებერვლის შემდეგ, ჟურნალისტი სტამბოლის დასავლეთ ნაწილში სილივირის ციხეში იმყოფებოდა.
თავად თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა იუჯელი ჯაშუშობაში დაადანაშაულა და მას თურქეთში აკრძალული „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ აგენტი უწოდა.
თურქეთის ხელისუფლების ოპონენტები იუჯელის დაკავებას პოლიტურად მოტივირებულად მიიჩნევენ და აცხადებდნენ, რომ კორესპონდენტის დაკავება მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდებოდა.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, გერმანიის მთავრობამ იუჯელის გათავისუფლების ამბავს შვებითა და სიხარულით შეხვდა.
უწყების ცნობით, მინისტრი ზიგმარ გაბრიელი ინტენსიურად იყო დაკავებული მისი გათავისუფლების საკითხით.
გერმანიის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, გერმანული გამოცემის ჟურნალისტის გათავისუფლება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომლის გადასადგმელად მხარეები დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ.