თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები 19 მაისს გამოქვეყნდება
თურქეთში გამართული საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები 19 მაისს გამოქვეყნდება. თურქეთის სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, ამჟამად დათვლილია საარჩევნო უბნების 98%-ზე მეტი.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანს 49,24% აქვს. მან 26 მილიონზე მეტი ხმა მიიღო. ამასთან, ერდოღანი მარცხდება სამ უდიდეს ქალაქში – ანკარაში, იზმირსა და სტამბოლში.
მეორე ადგილზეა ექვსი ოპოზიციური პარტიის კანდიდატი ქემალ კილიჩდაროღლუ – 45,06%-ით. მან 23 მილიონზე მეტი ხმა მიიღო. მესამე ადგილზეა სინან ოღანი – 5,28%-ით. მას მხარი დაუჭირა ორ მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა.
რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, ერდოღანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტიას“ ახლა საკანონმდებლო ორგანოში 266 დეპუტატი ეყოლება. მმართველი პარტიის შედეგი, წინა არჩევნებთან შედარებით, გაუარესებულია, თუმცა კოალიციაში შემავალ პარტნიორებთან ერთად, ერდოღანს ახალ პარლამენტში 323 დეპუტატი ეყოლება და უმრავლესობას შეინარჩუნებს.
თურქეთში ხმის დათვლის პროცესი ამ დრომდე გრძელდება. პარტიებს საოლქო კომისიებში შედეგების გასაჩივრების ვადა 16 მაისის ჩათვლით აქვთ, რომლებსაც უზენაესი საარჩევნო საბჭოს წევრები განიხილავენ. 19 მაისს კი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგი უნდა გამოქვეყნდეს. აღნიშნული შედეგები თუ არ შეიცვლება, ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაინიშნება, რომელიც 28 მაისს გაიმართება.