თურქეთში ფეთჰულა გიულენთან თანამშრომლობის ბრალდებით, ათობით სამხედრო მოსამსახურე დააკავეს
თურქეთის პოლიციამ სამხედრო საჰაერო ძალების ათობით მოსამსახურე დააკავა . მათ ბრალად ფეთჰულა გიულენთან თანამშრმლობა ედებათ.
საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ქალაქ იზმირის პროკურატურამ 96 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა. მათი უმრავლესობა ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები არიან, რომლებიც სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, სამსახურიდან გაათავისუფლეს.
დაკავების ოპერაცია იზმირში და თურქეთის 14 პროვინციაში მიმდინარეობს.
2016 წლის 15 ივლისის ღამეს, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით, მთავრობამ 160 ათასი ადამიანი დააკავა და დაახლოებით ამ რაოდენობის საჯარო მოსამსახურე სამსახურიდან გაათავისუფლა. ანკარა სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობას ამერიკაში მცხოვრებ თურქ მქადაგებელს, ფეთჰულა გიულენს აბრალებს .