თურქეთში ევროკავშირის ელჩი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების წლისთავთან დაკავშირებით ევროკავშირი 22 თებერვალს სტამბოლში სამიტის გამართვას გეგმავს
უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების წლისთავთან დაკავშირებით, ევროკავშირი 22 თებერვალს სტამბოლში სამიტის გამართვას გეგმავს. შესაბამის ინფორმაციას თურქული მედია თურქეთში ევროკავშირის ელჩზე, ნიკოლაუს მაიერ-ლანდრუტზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, ღონისძიებაზე მიწვეული იქნება უკრაინის მთავრობის წარმომადგენელი. ასევე მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს თურქეთის წარმომადგენელიც.
„ეს ასევე არის საშუალება, რომ გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. 24 თებერვალს რუსეთის აგრესიის დაწყება გახდა გარდამტეხი მომენტი ევროპის ისტორიაში. ევროპის ისტორია ჩვენი საერთო გეოგრაფიაა. ხშირად ამერიკის უსაფრთხოების ისტორიაში ახსენებენ 11 სექტემბერს. ამბობენ, რომ ეს იყო გარდამტეხი მომენტი. შემიძლია ვთქვა, რომ 2022 წლის 24 თებერვალი სწორედ ასეთი მნიშვნელოვანია ევროპის უსაფრთხოებისთვის. ჩვენს კონტინენტზე მიდის ომი, სასტიკი მასშტაბური ომი, რომლის შედეგები დიდად ცდება ევროპის კონტინენტს“, – განაცხადა ევროპელმა დიპლომატმა.