თურქეთში ერდოღანისა და მისი კონკურენტი კანდიდატის მხარდამჭერი აქციები მიმდინარეობს [ფოტო]
თურქეთში, სტამბოლის ცენტრში რეჯებ თაიფ ერდოღანის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, რომელსაც თავად ერდოღანი უძღვება.
პრეზიდენტმა საკუთარ ამომრჩეველს სიტყვით მიმართა. იგი თურქ ხალხს ეკონომიკურ სტაბილურობას და დემოკრატიულ, ძლიერ სახელმწიფოში ცხოვრებას ჰპირდება.
ერდოღანი თურქეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2003-2014 წლებში იკავებდა, 2014 წლიდან კი თურქეთის პრეზიდენტია.
რეჯებ თაიფ ერდოღანის მხარდამჭერთა აქციის პარალელურად, მასშტაბურ აქციას მართავს პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი მუჰარემ ინჯე. იგი ამ წუთებში საკუთარ ამომრჩეველს სტამბოლში ხვდება.
ინჯე ევროკავშირთან ურთიერთობების განმტკიცების, სეკულარიზმისა და დემოკრატიული პროცესების მომხრე პოლიტიკოსია.
2018 წლის არჩევნებში ექვსი კანდიდატი მონაწილეობს. მათ შორის ერთ-ერთი სელაჰატინ დემირტასია, რომელიც 2016 წლიდან პატიმრობაში იმყოფება. კანდიდატებს შორის ერთ-ერთი ქალი პოლიტიკოსია, მერალ აკშენერი.
თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე პრეზიდენტობის კანდიდატები საკუთარ ამომრჩეველს ხვდებიან. წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო დღეს, ყველა მათგანი საკუთარ მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამას კიდევ ერთხელ აცნობენ.