თურქეთში დაღუპული ლუხუმ ჯანჯარიას ოჯახი ცხედრისთვის ექსპერტიზის ჩასატარებლად დახმარებას ითხოვს
თურქეთში დაღუპული ლუხუმ ჯანჯარიას ოჯახი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. როგორც მათ პირველ არხთან საუბრისას განაცხადეს, გარდაცვლილს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ოჯახს კი, ამის საშუალება არა აქვს.
ამასთან, ისინი გამოძიების ობიექტურად ჩატარებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის მკვიდრი, 47 წლის ლუხუმ ჯანჯარია ახლობლის დახმარებით, 10 დღის წინ თურქეთში სამუშაოდ წავიდა, რამდენიმე დღის წინ კი, ის სტამბოლის სკვერში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც მისი შვილი ლევან ჯანჯარია ამბობს, გარდაცვლილს სხეულზე ძალადობის კვალი აღენიშნება.
გარდაცვლილი თურქეთიდან დღეს გადმოასვენეს. ცხედარი ქუთაისში, ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.