თურქეთში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავეს. ამის შესახებ Anadolu იუწყება.
თურქული საინფორმაციო სააგენტო სხვა დეტალებს ჯერჯერობით არ ავრცელებს.
ინციდენტი ადგილობრივი დროით 5:30 საათზე მოხდა. თეთრი ფერის მსუბუქი ავტომობილით მიმავალმა უცნობმა მამაკაცმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმართულებით ექვსჯერ გაისროლა. ტყვიები მეტალის კარს და მინას მოხვდა. თავდასხმის დროს არავინ დაშავებულა.
მოგვიანებით თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, იბრაჰიმ კალინმა მომხდართან დაკავშირებით განაცხადა, რომ თავდასხმა ქვეყანაში ქაოსის დასადგურების მცდელობაა.
ბოლო პერიოდში ოფიციალურ ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა. მიზეზი თურქეთში დაპატიმრებული ამერიკელი პასტორი, ენდრიუ ბრანსონია.
პასტორის პატიმრობამ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ომის პროვოცირება მოახდინა.