თურქეთში აეროპორტის მშენებლობაზე დასაქმებული 500-მდე მუშა აქციაში მონაწილეობის გამო დააკავეს
თურქეთში აეროპორტის მშენებლობაზე დასაქმებული 500-მდე მუშა აქციაში მონაწილეობის გამო დააკავეს

თურქეთში, ახალი აეროპორტის მშენებლობაზე დასაქმებული 500-მდე მუშა საპროტესტო დემონსტრაციაში მონაწილეობის გამო დააკავეს. Reuters-ის ცნობით, ახალი აეროპორტის მშენებლობაზე მომუშავე პირები რთულ სამუშაო პირობებს აპროტესტებდნენ.

ახალი აეროპორტის მშენებლობაში 35 ათასი მუშა და 5 ათასი ინჟინერია ჩართული. დაახლოებით ათასმა მუშამ მშენებლობის პროცესში სხვადასხვა სიმძიმის ტრავმები მიიღო. მათი თქმით, სიცოცხლისთვის რისკის შემცველი სამუშაოს მიუხედავად, მათი მოთხოვნები მარტივად შესასრულებელია. იმის გათვალისწინებით, რომ მშენებლობა 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, მუშები შედარებით კომფორტულ საწოლებსა და უკეთეს კვებას, ასევე ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ.

აქცია 14 სექტემბერს დაიწყო და საღამოს არეულობაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დღეს კი, ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ დემონსტრაციის გამართვის გამო, 500-მდე მუშა დააკავა.

სტამბოლის ახალი აეროპორტის გახსნა ოქტომბერშია დაგეგმილი. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი აეროპორტი იქნება, რომელიც ერთდროულად 114 თვითმფრინავის მიღებას შეძლებს.