თურქეთში აცხადებენ, რომ აშშ-ის მხრიდან მუქარის ენით საუბარი მიუღებელია
თურქეთისთვის აშშ-ის მხრიდან მუქარის ენით საუბარი მიუღებელია. ასე ეხმაურება ანკარა ვაშინგტონის მიერ თურქეთის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო შემოღების საკითხს.
ვაშინგტონი თურქეთისგან სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, შინაპატიმრობაში გადაყვანილი ამერიკელი პასტორის გათავისუფლებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი არ გამორიცხავს, ეკონომიკური სანქციების დაწესებას.
აღნიშნული საკითხი იყო განხილვის ერთ-ერთი თემა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე, რომელიც საპრეზიდენტო მმართველობაზე გადასვლის შემდეგ პირველ გაიმართა.
„მუქარის ენა, რომელსაც აშშ თურქეთთან იყენებს, უპატივცემულობაა ორმხრივი ურთიერთობების მიმართ და აბსოლუტურად მიუღებელია“, – ვკითხულობთ საბჭოს განცხადებაში.
ამერიკელი პასტორი ენდრიუ ბრანსონი, რომელსაც თურქეთში ტერორიზმში ადანაშაულებენ, ციხიდან შინა პატიმრობაში ერთი კვირის წინ გადაიყვანეს. ის გასული წლის ოქტომბერში თურქეთის პოლიციამ ქალაქ იზმირში, ფეტჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის მიზეზით დააკავა. გიულენს თურქეთის ხელისუფლება 2016 წელს სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს. ერდოღანმა ამერიკის შეერთებულ შტატებს რამდენჯერმე შესთავაზა ბრანსონის ფეთჰულა გიულენში გაცვლაც .