თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ანკარა მოსკოვთან ან კიევთან კავშირების გაწყვეტას არ აპირებს
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ანკარა მოსკოვთან ან კიევთან კავშირების გაწყვეტას არ აპირებს. როგორც ერდოღანი აღნიშნავს, თურქეთი იხელმძღვანელებს სრუტეების გადაკვეთის შესახებ პაქტით, რათა თავიდან აირიდოს ომის ესკალაცია. ერდოღანმა გააკრიტიკა ვაშინგტონისა და დასავლელი ლიდერების პოზიცია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით, რომელიც მან „არაგადამწყვეტად“ შეაფასა. მისი თქმით მსგავსი მიდგომა საერთაშორისო წესრიგის მარცხის ნიშანია.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ის არ წავა კომპრომისზე მოკავშირეების წინაშე არსებულ მის ვალდებულებებთან, მათ შორის ნატო-სთან მიმართებაში, თუმცა ასევე არ აპირებს, ზურგი აქციოს რეგიონის „ეროვნულ ინტერესებს“. ერდოღანის თქმით, რუსეთის შეჭრა დაუშვებელია.
„ამ პროცესში ჩვენ განვაგრძობთ მრავალმხრივ დიპლომატიურ ინიციატივებს, მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მიგვაჩნია, რომ რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე მიუღებელია და ვაფასებთ უკრაინის ადმინისტრაციისა და ხალხის ბრძოლას. ჩვენ გადავწყვიტეთ გამოვიყენოთ ის ისე, რომ თავიდან ავიცილოთ ესკალაცია. ამ დროისთვის ჩვენმა ხუთი ათასმა მოქალაქემ დატოვა უკრაინის ტერიტორია და გადმოვიდა ჩვენს ქვეყანაში და სხვა ქვეყნებში. ჩვენ გავაგრძელებთ ევაკუაციის პროცედურებს მოთხოვნების შესაბამისად. თურქეთი დღემდე ასრულებს თავის მოვალეობებს ინსტიტუტებისა და ალიანსების, განსაკუთრებით გაეროს, ნატოსა და ევროკავშირის ფარგლებში“, – აცხადებს ერდოღანი.