თურქეთს გერმანიასთან ურთიერთობების "გადატვირთვა" სურს
თურქეთს გერმანიასთან ურთიერთობების "გადატვირთვა" სურს

თურქეთს გერმანიასთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ გერმანულ გაზეთში გამოქვეყნებულ საავტორო პუბლიკაციაში წერს.

“ორივე მხარე დაინტრესებულია ურთიერთობების გაუმჯობესებით, რადგან ჩვენ დიდი გამოწვევების ეპოქაში ვცხოვრობთ. უფრო გონივრულია, თუ ჩვენი კავშირი მეგობრული იქნება”, – წერს ჩავუშოღლუ.

ამავე წერილში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იმ პირობებს ასახელებს, რომელთა შესრულებაც აუცილებელია, რათა ანკარასა და ბერლინს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდეს. მისი თქმით, ამისთვის მხარეებმა ერთმანეთი სრულუფლებიან და თანაბარ პარტნიორებად უნდა განიხილონ. ასევე, დაიწყონ მრავალმხრივი დიალოგი ყველა დონეზე და უარი თქვან “პოპულისტურ და ეგოცენტრულ” განცხადებებზე.


“ვფიქრობ, ის ტრავმები, რომელიც მოსახლეობამ 2016 წლის ივლისის სახელმწიფო გადატრიალების დროს მიიღო, გერმანიაში ბოლომდე ვერ აღიქვეს. ველოდებით, რომ გერმანელი მეგობრები უკეთ გაიგებენ იმ სიტუაციას, რომელშიც დღეს თურქეთი იმყოფება”, – წერს ჩავუშოღლუ.


მისივე თქმით, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში შეფერხების გადალახვა ყველა მხარის ინტერესებში შედის.