თურქეთმა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ დაკავებული მებრძოლების რეპატრიაცია დაიწყო
თურქეთმა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ დაკავებული მებრძოლების რეპატრიაცია დაიწყო. ამის შესახებ თურქული ტელეკომპანია „ტეერტე“ იუწყება.
თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ანკარამ დეპორტაციას დაუქვემდებარა ამერიკელი მებრძოლი და მალე განახორციელებს გერმანიის შვიდი მოქალაქის დეპორტაციას. გასულ პარასკევს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის ციხეებში „ისლამური სახელმწიფოს“ 1201 წევრია დაკავებული.
გასულ კვირას თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ ოფიციალური ანკარა თურქეთის ჩრდილოეთში ოპერაციის დროს დაკავებული ტერორისტების მშობლიურ ქვეყნებში გაგზავნას უახლოეს დღეებში დაიწყებდა.
როგორც თურქული მედია იუწყება, ოფიციალური ანკარა დაეშის მებრძოლებს მშობლიურ ქვეყნებში იმ შემთხვევაშიც გაგზავნის, თუ მათ ამ ქვეყნის მოქალაქეობა ჩამორთმეული აქვთ. თუმცა უცნობია, არის თუ არა ეს შესაძლებელი.
როგორც ცნობილია, „ისლამური სახელმწიფოს“ უცხოელ ტერორისტებს რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ მოქალაქეობა გაუუქმა, რათა მომავალში მათი რეპატრიაცია თავიდან აეცილებინა. მსგავს ნაბიჯს მიმართა დიდმა ბრიტანეთმაც. გაერთიანებულმა სამეფომ საერთო ჯამში 100-ზე მეტ ტერორისტს, რომლებიც სირიაში იმყოფებოდნენ, მოქალაქეობა ჩამოართვა.