თურქეთმა, რუმინეთმა და ბულგარეთმა შავ ზღვაში მცურავი ნაღმების გაწმენდის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
თურქეთმა, რუმინეთმა და ბულგარეთმა შავ ზღვაში მცურავი ნაღმების გაწმენდის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

თურქეთმა, რუმინეთმა და ბულგარეთმა შავ ზღვაში მცურავი ნაღმების გაწმენდის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა, რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანგელ ტილვარმა და ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ატანას ზაპრიანოვმა ურთიერთგაგების მემორანდუმი სტამბოლში, ნატო-ს მოკავშირეებს შორის რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ გააფორმეს.

ხელშეკრულების თანახმად, მისიაში თითოეული ქვეყნიდან ერთი ნაღმების აღმომჩენი და ერთი სამეთაურო-საკონტროლო ხომალდი ჩაერთვება. შეთანხმების გაფორმება ძირითადად უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს უკავშირდება.

დასავლური მედიის ინფორმაციით, საზღვაო ნაღმები საფრთხეს უქმნის უკრაინის საექსპორტო მარშრუტებს შავი ზღვის გავლით 2022 წლის თებერვალში რუსეთის შეჭრის შემდეგ. საზღვაო ნაღმებს ამ დროის განმავლობაში რამდენიმე გემი შეეჯახა. სამი ქვეყნის საზღვაო ძალების მეთაურები შექმნიან კომიტეტს ოპერაციის ჩასატარებლად, რასაც შეიძლება, შეუერთდნენ შავი ზღვის სხვა ქვეყნები უკრაინის ომის დასრულების შემდეგ.