თურქეთმა ერაყში სპეცოპერაციისას „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი გაანეიტრალა
თურქეთმა ჩრდილოეთ ერაყში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი გაანეიტრალა. აღნიშნული დაჯგუფება თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული.
თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა და სადაზვერვო სამსახურებმა სპეცოპერაცია სინჯარის რაიონში ჩაატარეს. 66 წლის ისმაილ ოზდენი ძებნილთა წითელ კატეგორიაში იყო შეყვანილი. თურქული მედიის ინფორმაციით, 1992-1996 წლებში ოზდენი ევროპაში იმყოფებოდა და თურქების სამუშაო ადგილებს ესხმოდა თავს.
1996 წელს ოზდენი გერმანიაში დააპატიმრეს, თუმცა 1998 წელს ციხიდან გათავისუფლდა. თურქეთის ხელისუფლებასა და „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ შორის 30 წლიან დაპირისპირებას 40 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.