თურქეთმა, ბულგარეთმა და რუმინეთმა შავ ზღვაში განაღმვითი ოპერაციები დაიწყეს
თურქეთმა, ბულგარეთმა და რუმინეთმა შავ ზღვაში მცურავი გემების უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, განსაკუთრებით უკრაინის საექსპორტო მარშრუტების უსაფრთხოების მიზნით, შავ ზღვაში ერთობლივი განაღმვითი ოპერაციები დაიწყეს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
განაღმვითი ოპერაციების ჩატარება თურქეთის ინიციატივაა.
თურქეთმა, რუმინეთმა და ბულგარეთმა შავი ზღვის მოდრეიფე ნაღმებისგან გაწმენდის შესახებ შეთანხმებას მიმდინარე წლის 11 იანვარს მოაწერეს ხელი. ბულგარეთის მთავრობის განცხადებით, ნაღმების საწინააღმდეგო საზღვაო ჯგუფის საქმიანობა არ იქნება მიმართული რომელიმე სხვა ქვეყნის წინააღმდეგ და ოპერაცია, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს მონაწილეებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების გაუმჯობესებას.