თურქეთის თავდაცვის მინისტრი - საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, რომელსაც რუსეთი თურქეთს გადასცემს, ნატო-სთვის საფრთხეს არ წარმოადგენს
С-400-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, რომელსაც რუსეთი თურქეთს გადასცემს, ნატო-სთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა.
ნურეთინ ჯანიკლის თქმით, სარაკეტო კომპლექსების განთავსება 2019 წლისთვისაა დაგეგმილი.
თურქეთმა და რუსეთმა ხელშეკრულება მიმდინარე წლის სექტემბერში გააფორმეს და კომპლექსების ერთი ნაწილი უკვე თურქეთშია. კონტრაქტის გაფორმება აშშ-ში გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ უკეთესი ვარიანტი იქნებოდა ისეთი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, რომელიც ნატო-ს შეიარაღებას შეესაბამება.
მიმდინარე თვეში თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ რუსული სისტემის განთავსება ანკარასა და ნატო-ს ურთიერთობებზე არ იმოქმედებს.
ილდირიმმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთმა ანალოგიური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შეძენა ალიანსის წევრი ქვეყნებისგან ვერ შეძლო.
С-400 შორ მანძილზე მოქმედებისთვის გათვლილი სარაკეტო სისტემაა და ავიაციის, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების, ასევე სახმელეთო ობიექტების განადგურება შეუძლია.