თურქეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ თურქეთის არმიამ ერაყის ჩრდილოეთში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მებრძოლების წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაცია დაიწყო
თურქეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ თურქეთის არმიამ ერაყის ჩრდილოეთში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მებრძოლების წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაცია დაიწყო

თურქეთის არმიამ დღეს ღამით, ერაყის ჩრდილოეთში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ (PKK) მებრძოლების წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ამ ოპერაციის კონკრეტული ზონები ერაყის სამ რეგიონს – მეთინას, ზაფს და ავაშინ-ბასიანს მოიცავს. ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება.

მედიის ცნობით, ოპერაციის Pence Kilit დაწყების თაობაზე თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა თავად განაცხადა, რომელიც ქვეყნის საჰაერო ძალების ოპერატიულ შტაბში, გენერალური შტაბის უფროსთან ერთად და სხვა სამხედრო მეთაურების თანხლებით მივიდა.

თურქეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, მძლავრი ავიადარტყმები მიაყენეს PKK-ის ობიექტებს. გარდა ამისა, ამ ორგანიზაციის მებრძოლების სავარაუდო ადგილმდებარეობის ტერიტორიები ასევე დაიბომბა მსხვილკალიბრიანი და თვითმავალი საარტილერიო დანადგარებიდან.

მოგვიანებით კი, თურქული სპეცდანიშნულების ქვედანაყოფები დესანტირდნენ ერაყის ჩრდილოეთში, ვერტმფრენებისა და უპილოტო საფრენი აპარატების მხარდაჭერით.

აქარის განცხადებით, ოფიციალური ანკარა პატივს სცემს ერაყის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და თურქული არმიის ყველა ქმედება რეგიონში ტერორიზმის საფრთხის აღმოფხვრაზეა მიმართული.