თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ვითარება მწვავდება. ქვეყნის სამხრეთ ნაწილში დაპირისპირებას ოთხი ადამიანი შეეწირა, რვა კი დაშავდა.
ინციდენტი სირიის საზღავრთან ახლოს, სოლეფ სურუჩში მოხდა. სადაც ძირითადად ქურთები ცხოვრობენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მმართველი პარტიის წევრი იბრაჰიმ ჰალილ ილდიზი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ადგილობრივ ღია ბაზრობას სტუმრობდა. სწორედ ამ დროს მოხდა დაპირისპირება.
აღნიშნული შეტაკების დეტალებს პრო-ქურთული და სამთავრობო წყაროები განსხვავებულად ავრცელებენ.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu ავრცელებს ცნობას, რომ ქურთები პოლიტიკოსს თავს დაესხნენ. სააგენტოს ცნობით, დაღუპულებს შორის არის იბრაჰიმ ჰამიმ ილდიზის ძმაც. Anadolu-ს ინფორმაციით, თავდასხმაში პრო-ქურთული სახალხო დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერები იყვნენ ჩართულნი.
ოპოზიციური წყაროები კი აცხადებენ, რომ ცეცხლი პოლიტიკოსის პირადი დაცვის წარმომადგენელმა გახსნა, როდესაც იბრაჰიმ ჰალილ ილდიზს ადგილობრივებმა არაკეთილგანწყობილი დახვედრა მოუწყვეს.
დაპირისპირების შემდეგ სამართალდამცველებმა 10 ადამიანი დააკავეს.
თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 24 ივნისს იმართება. ქვეყნის პირველი პირი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი მეორე ვადით პრეზიდენტობისთვის იბრძვის.