თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებსა და იზმირის პროვინციაში საპროტესტო აქციები დაიწყო
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებსა და იზმირის პროვინციაში საპროტესტო აქციები დაიწყო

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებსა და იზმირის პროვინციაში საპროტესტო აქციები დაიწყო. შეტაკება მოხდა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის.

საპროტესტო გამოსვლების მიზეზი გახდა საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, არჩევნებში გამარჯვებულ პროქურთული პარტიის წევრს ქალაქ ვანის მერის უფლებამოსილების შესრულების უფლება არ მისცეს.

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აქციების დროს დააკავეს 89 ადამიანი, რომელთაც არასანქცირებულ მიტინგებში მონაწილეობას ედავებიან.

საქმე ეხება აბდულა ზეიდანს, რომელმაც 31 მარტს გამართულ არჩევნებში ხმების 55% მიიღო, თუმცა მას მერის მანდატის გადაცემაზე უარი უთხრეს. საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ზიედანი ნასამართლევია და მას თანამდებობის დაკავება ეკრძალება. მის ნაცვლად თურქეთის ქალაქ ვანის მერის პოსტი ერდოღანის პარტიის წარმომადგენელმა დაიკავა, რომელმაც არჩევნებში 27% მიიღო. პროქურთული სახალხო დემოკრატიული პარტიის წევრებმა ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს.

თურქეთის მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ, „რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ“ ასევე დაგმო საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.