თურქეთის სამხედრო ოპერაცია სირიაში - საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი კონფლიქტის ზონაში [ფოტო/ვიდეო]

თურქეთის სამხედრო ოპერაციის მე-9 დღე სირიაში. დასავლეთის ქვეყნების მოწოდების მიუხედავად, ოფიციალური ანკარა მეზობელი სახელმწიფოდან სამხედროების გაყვანას არ აპირებს. თურქეთის თავდაცვის  სამინისტროს ინფორმაციით, სირიაში მიმდინარე ოპერაციის, „მშვიდობის წყაროს“ ფარგლებში  განეიტრალებულია 673 ტერორისტი. ტერორისტებში ანკარა ქურთების სახალხო დამცველთა შენაერთებს მოიაზრებს. ისინი მდინარე ევფრატის ჩრდილო-აღმოსავლეთ ტერიტორიას აკონტროლებდნენ.

სამხედრო ოპერაციის შესაჩერებლად, ვიცე-პრეზიდენტის მეთაურობით თურქეთში შეერთებული შტატების დელეგაცია გაემგზავრა. რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ამერიკელი მაღალჩინოსნების შეხვედრამდე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს უკვე შეხვდა, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, რობერტ ობრაიანი.

კონფლიქტის ზონაში უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებით გამკაცრებულია. მობილიზებულია საერთაშორისო მედია. ადგილზე იმყოფება საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფიც. თურქეთ-სირიის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში მუშაობენ ლიკა ალელიშვილი, გიორგი კიკვაძე და ირაკლი გედენიძე.