თურქეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, ჰაკან ფიდანმა რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრისას შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა განიხილა
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაკან ფიდანსა და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. კოლეგებმა ერთმანეთთან შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა განიხილეს. ამის შესახებ თურქული მედია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ცნობით, სერგეი ლავროვმა თურქ კოლეგას, ჰაკან ფიდანს განუცხადა, რომ კიევისთვის იარაღის მიწოდების გაგრძელება დამღუპველია.
სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები რეგიონულ დღის წესრიგზე, უკრაინის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ, მათ შორის სტამბოლიდან კიევში „აზოვის“ მეთაურების დაბრუნებასთან დაკავშირებით.
მედიის ცნობით, სატელეფონო საუბარი თურქული მხარის ინიციატივით განხორციელდა.