თურქეთის საგარეო უწყება აშშ-ს მოუწოდებს, დატოვონ ამერიკელმა სამხედროებმა სირიის ტერიტორია
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდა, დატოვონ ამერიკელმა სამხედროებმა სირიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი მანბიჯი.
თურქეთის პირველმა დიპლომატმა ვაშინგტონი სირიაში მებრძოლი ქურთების შეიარაღებული გაერთიანების, „ხალხთა დაცვის კავშირის“ მხარდაჭერასა და იარაღის მიწოდებაში დაადანაშაულა.
მანბიჯის მიმდებარე ტერიტორიაზე აშშ-მა 200-ზე მეტი ჯარისკაცი 2017 წლის მარტში განალაგა. მათი მიზანი თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფოს დე ფაქტო დედაქალაქ რაყას გათავისუფლება და კონტრტერორისტულ ოპერაციებში მონაწილეობა იყო.
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 26 იანვარს ვაშინგტონი გააფრთხილა, რომ აფრინში ქურთების წინააღმდეგ დაწყებული სპეცოპერაცია სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთითაც გაგრძელდება, რასაც შესაძლოა, აშშ-ის შეიარაღებულ ძალებთან დაპირისპირება მოჰყვეს.