თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - თურქეთი მკაცრად გმობს სომხეთის სამხედრო ძალების მიერ აზერბაიჯანის თოვუზის რეგიონზე თავდასხმას
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯან-სომხეთის საზღვართან მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.
როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, თურქეთი მკაცრად გმობს სომხეთის სამხედრო ძალების მიერ აზერბაიჯანის თოვუზის რეგიონზე თავდასხმას.
„ვიზიარებთ ჩვენი ძმებისა და მეგობრების, აზერბაიჯანელი ხალხის, ასევე აზერბაიჯანის მთავრობის მწუხარებას გარდაცვლილი აზერბაიჯანელი ჯარისკაცების გამო და დაჭრილებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ის ფაქტი, რომ ეს სომხეთის აგრესიული ნაციონალიზმის კიდევ ერთი გამოხატულებაა, რომელიც აზერბაიჯანმა აღკვეთა, არის მყარი მტკიცებულება, ეს აგრესია უპასუხოდ არ ჩაივლის.
სომხეთის მცდელობები, რომელიც ემსახურება მის მიერ წლების განმავლობაში აზერბაიჯანის ტერიტორიის, მთიანი ყარაბაღისა და მიმდებარე ადგილების უკანონო ოკუპაციისგან საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების გადატანას, ასევე პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის შეფერხების მიზნით, კონფლიქტისთვის ახალი განზომილებების მიცემას, აუცილებლად წარუმატებელი იქნება. სომხეთმა უნდა დათმოს ასეთი სახიფათო ტაქტიკები, სამაგიეროდ კანონისა და საღი აზრის გზა აირჩიოს. სომხეთის ავანტიურიზმი, რომელიც მის შესაძლებლობებს სცდება, კიდევ ერთხელ მიუთითებს ამ ქვეყნის განსჯის უნარის ნაკლებობაზე და ჩვენს რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
იმედი გვაქვს, საერთაშორისო საზოგადოება სომხეთის მიერ საკუთარი აგრესიის დაფარვის მცდელობებს არ მიიღებს. თურქეთი გააგრძელებს აზერბაიჯანის მხარდაჭერას მისი ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხებში“, – აღნიშნულია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.