თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - მკაცრად ვგმობთ აშშ-ის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალმში გადატანას
თურქეთი აშშ-ის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანას გმობს, ამის შესახებ ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების განცხადებით, ეს ნაბიჯი ხელს არ უწყობს რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ აშშ-ის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალმში გადატანას, რაც საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს გადაწყვეტილებების დარღვევით განხორციელდა. აღვნიშნავთ, რომ ეს ნაბიჯი, რომელიც უგულვებელყოფს პალესტინელი ხალხის უფლებებს, არ უწყობს ხელს რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამყარებას“, – ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნის ცერემონია მიმდინარეობს. ღონისძიებას აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შვილი ივანკა ტრამპი და მისი მეუღლე ჯარედ კუშნერი ესწრებიან.
იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნის გასაპროტესტებლად ისრაელის საზღვართან ღაზას სექტორში ათასობით პალესტინელი შეიკრიბა. აქციის რამდენიმე მონაწილემ ისრაელის ტერიტორიაზე გადასვლა სცადა და ისრაელის სამხედროებს ქვები დაუშინა, რასაც არეულობა მოჰყვა. შეტაკების დროს, ბოლო მონაცემებით, 40-ზე მეტი პალესტინელია დაღუპული.