თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ში მოგზაურობის მსურველ მოქალაქეებს აფრთხილებს
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ში მოგზაურობის მსურველ მოქალაქეებს აფრთხილებს

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ში მოგზაურობის მსურველ მოქალაქეებს რეკომენდაციებს აძლევს და ტერაქტებისა და თურქეთის მოქალაქეების თვითნებური დაკავების გამო აფრთხილებს.

უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში სამინისტრო ყურადღებას ამახვილებს ოჰაიოს უნივერსიტეტის კამპუსზე, მინესოტას მეჩეთსა და ტეხასის ტაძარში განხორციელებულ თავდასხმებზე. ასევე მივლინებაში მყოფი თურქი საჯარო მოხელეების თვითნებური დაკავებების საფრთხეზე.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის საგარეო უწყების განცხადება სარკისებურად ასახავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციებს, რომელიც ვაშინგტონმა 10 იანვარს გამოაქვეყნა.

აშშ-მა ქვეყნები საფრთხის მიხედვით, ოთხ კატეგორიად დაყო. ამ სიაში თურქეთი მე-3 კატეგორიაშია მოხსენიებული. ამ კატეგორიაში შესულ ქვეყნებში სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ მოქალაქეებს მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს, რადგან არსებობს აშშ-ის მოქალაქეთა შევიწროებისა და დაკავების რისკები, ასევე არასტაბილური გარემო, საპროტესტო აქციების სახით.

თურქეთთან მიმართებით სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ სამხრეთ პროვინციებში, თურქეთ-სირიის საზღვრის სიახლოვეს გადაადგილებისგან.