თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - თურქეთი ვერ მოითმენს სიწმინდეების შელახვას
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - თურქეთი ვერ მოითმენს სიწმინდეების შელახვას

თურქეთი ვერ მოითმენს სიწმინდეების შელახვას, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა უნგრეთში ვიზიტისას განაცხადა.

როგორც ბუდაპეშტში, პიტერ სიიარტოსთან ერთობლივ კონფერენციაზე ფიდანმა აღნიშნა, მას სჯერა, რომ ისლამური სამყარო მიიღებს გარკვეულ გადაწყვეტილებას.

„უახლეს ისტორიას რომ გადავხედოთ, ბევრი გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. ევროპაში ყველაფერი წიგნების დაწვით დაიწყო და ეს წიგნები სახელმწიფო ზედამხედველობით დაწვეს. წიგნების დაწვის შემდეგ იყო საკონცენტრაციო ბანაკები და ჩვენ ვიცით, რა მოხდა შემდეგ“, – განაცხადა ფიდანმა.

ფიდანის თქმით, თურქეთი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ზედამხედველობით წმინდა წიგნების შეურაცხყოფა და ამ ქმედების გამოხატვის თავისუფლებად განსაზღვრა არ არის სწორი და თურქეთი ვერ მოითმენს წმინდა ფასეულობების შელახვას.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ევროპელი პოლიტიკოსები და სახელმწიფო მოღვაწეები ახლა იწყებენ ცნობიერების ამაღლებას ამ საკითხთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვხედავთ გარკვეულ ცნობიერებას, ჯერ კიდევ გასარკვევია, როგორ აისახება ეს პრაქტიკასა და პოლიტიკის შემუშავებაზე. ჩვენ გავაგრძელებთ მტკიცე რეაქციის გამოხატვას საერთაშორისო პლატფორმებზე და ძალისხმევას საერთაშორისო სოლიდარობისა და თანამშრომლობის გასაძლიერებლად“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შვედეთსა და დანიაში ყურანის ასლები დაწვეს, რაც თურქეთმა, საუდის არაბეთმა და სხვა ქვეყნებმა მკაცრად დაგმეს.