თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - თურქეთი გამორიცხავს „მარცვლეულის შეთანხმების“ ალტერნატივას რუსეთის გარეშე
თურქეთი გამორიცხავს „მარცვლეულის შეთანხმების“ ალტერნატივას რუსეთის გარეშე, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაქან ფიდანმა განაცხადა.
თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, „მარცვლეულის შეთანხმების“ ალტერნატივა რუსეთის მონაწილეობის გარეშე უსაფრთხოებისთვის პოტენციური რისკი იქნება და ამაზე შეთანხმდნენ როგორც გაერო, ასევე თურქეთი.
„უკრაინა ცდილობს ალტერნატივის მოტანას, მაგრამ როგორც თურქული მხარე, ვფიქრობთ, რომ რუსეთის ფედერაცია უნდა დაბრუნდეს მაგიდასთან. ბატონ ლავროვთან საუბრისას გავიგეთ დეტალური მიზეზები, რატომ გავიდა რუსეთი შეთანხმებიდან და არ გააგრძელა ის. ამჟამად ამაზე ვმუშაობთ. ჩვენ ასევე განვიხილავთ ამას გაერო-სთან. ვმუშაობთ იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ რუსეთი დაუბრუნდეს მაგიდას და შესრულდეს მისი მოთხოვნები, რითიც ყველას ექნება სარგებელი. ვიმედოვნებ, მოვაგვარებთ მას, რაც შეიძლება მალე“, – განაცხადა ჰაქან ფიდანმა.
რუსეთმა დატოვა გაერო-ს და თურქეთის შუამავლობით ერთი წლის წინ გაფორმებული შეთანხმება, რომელიც უზრუნველყოფდა უკრაინის მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტს გასული წლის განმავლობაში. უკრაინა და რუსეთი მარცვლეულის ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორები არიან მსოფლიო ბაზარზე.