თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველო არის ჩვენი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს
საქართველო არის ჩვენი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაქან ფიდანმა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, ილია დარჩიაშვილთა შეხვედრის შემდეგ თურქეთში განაცხადა.
„აღსანიშნავია, რომ გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა ენერგეტიკისა და სატრანსპორტო სფეროებში. მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები შესანიშნავად ვითარდება. ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და ხალხთაშორისი ურთერთობები უმაღლეს დონეზეა.
ჩემს ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე მივესალმეთ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას. ბოლო 15 წლის განმავლობაში თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს. გასულ წელს სავაჭრო ბრუნვა სამ მილიარდ დოლარმდე გაიზარდა და ამით დასახულ მიზანს მივაღწიეთ.
ამჟამად ჩვენი მიზანია სავაჭრო ბრუნვის ხუთ მილიარდ დოლარამდე გაზრდა. ამ თემაზეც გვქონდა საუბარი“, – განაცხადა ჰაქან ფიდანმა.
მისივე თქმით, თურქეთი მხარს უჭერს რეგიონებში კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის გზებს.
„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ჩვენ განვხილეთ აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონში მიმდინარე პროცესები. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ რეგიონებში კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის გზებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მტკიცე პოზიცია ამ კონტექსტში და განვიხილეთ კონფლიქტის მოგვარების პროცესში თურქეთის როლი“, – აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვია. საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილმა ორმხრივი შეხვედრა გამართა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაქან ფიდანთან.