თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - გაერო-ს რეზოლუციის დაბლოკვით, აშშ მარტო დარჩა ღაზის საკითხთან დაკავშირებით
გაერო-ს რეზოლუციის დაბლოკვით, აშშ მარტო დარჩა ღაზის საკითხთან დაკავშირებით, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაქან ფიდანმა განაცხადა.
თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ამერიკის პოლიტიკური სისტემა ახლა უძლურია ისრაელთან დაკავშირებულ საკითხებში, ამიტომ ისრაელი უგუნურად მოქმედებს და აგრძელებს ჩაგვრას.
ფიდანის განცხადებით, გაერო-ს წევრებმა ხაზგასმით არაერთხელ აღნიშნეს, რომ ისრაელმა უნდა შეწყვიტოს უდანაშაულო ადამიანების მკვლელობა.
„ჩვენმა მეგობრებმა თქვეს, რომ ამერიკა ახლა მარტო იყო ამ საკითხში, რაც, განსაკუთრებით, კიდევ ერთხელ დავინახეთ გაერო-ში გამართულ კენჭისყრაზე. გაერთიანებულმა სამეფომ თავი შეიკავა, მაგრამ ამერიკამ დაადო ვეტო. რა თქმა უნდა, ეს არის ის, რასაც ჩვენ აქ ვხედავთ. ჩვენც აღვნიშნეთ ეს ჩვენს შეხვედრებზე“, – განაცხადა ჰაქან ფიდანმა.
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 120 ხმით 14-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მხარეებს ღაზის სექტორში „დაუყოვნებლივი, გრძელვადიანი და მდგრადი ჰუმანიტარული ზავისკენ” მოუწოდებს. 14 ქვეყანას შორის, რომლებმაც რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს, არიან: აშშ, ისრაელი, უნგრეთი, ავსტრია, ჩეხეთი, ხორვატია, ტონგა, პარაგვაი, ნაურუ, მიკრონეზია.